Top
ონლაინ დახმარება

 

ამბროლაურში გადახდისუუნარო მშობელს შვილებთან ურთიერთობის საშუალება მიეცა

2018 წლის მაისის თვეში იურიდიული დახმარების სამსახურის ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრს სამართლებრივი რჩევისათვის მიმართა გადახდისუუნარო ბენეფიციარმა გ.კ–მ, რომელსაც არ ეძლეოდა საშუალება ენახა თავისი არასრულწლოვანი შვილები. კონსულტანტმა თეა ჩიკვაიძემ საქმის გარემოების შეფასების შემდგომ სხვადასხვა დოკუმენტაციასთან ერთად მოიპოვა პიროვნების მახასიათებელი მტკიცებულებები, მოამზადა სარჩელი ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში წარსადგენად – ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის მოთხოვნით.

სასამართლომ  სარჩელი წარმოებაში მიიღო. მალე დამტკიცდა მორიგების აქტი გადახდისუუნარო ბენეფიციარისათვის ხელსაყრელი პირობებით – ოფიციალურად განისაზღვრა  მამისა და შვილების ურთიერთობის ვადები.

ამას გარდა, ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრშივე იგივე ბენეფიციარისთვის მომზადდა სამართლებრივი დოკუმენტი შესაგებლის სახით – ალიმენტის დაკისრების თაობაზე აღძრული სარჩელის წინააღმდეგ. სასამართლომ გაიზიარა ბენეფიციარის პოზიცია, წარდგენილი მტკიცებულებები სოციალური  მდგომარეობის შესახებ, მხედველობაში მიიღო მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების ნაწილში.