Top
ონლაინ დახმარება

 

მკვლელობასა და ხულიგნობაში ბრლადებული პირი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი სავალდებულო წესით იცავდა ბრალდებულ  შ. ა.-ს ინტერესებს.  სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მის დაუსწრებლად.

გამოძიება განსასჯელ ბენეფიციარს ედავებოდა დანაშაულის ჩადენას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105–ე  (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია - განზრახ მკვლელობა) და 228–ე(1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია - ხულიგნობა) მუხლებით. 

ბრალდების მხარის მტკიცებით, შ.ლ.-მ შურისძიების ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა  ქ.თბილისში მცხოვრებ  დ.ლ.-ს და შემდეგ  ბოროტი ხულიგნობაც ჩაიდინა.

თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვერ დადგინდა, რომ  აღნიშნული დანაშაული ადვოკატ ლევან მარსაგიშვილის დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა  ჩაიდინა.  ბრალდების მხარე სასამართლოში აპირებდა 17 მოწმის დაკითხვას. აქედან მოწმეთა ნაწილის მოძიება ვერ მოხერხდა, სხვა მოწმეთა წერილობითი ჩვენებები გამოქვეყნდა, რამდენიმე მოწმის ჩვენება კი სასამართლო სხდომის დარბაზში მოისმინეს.

დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ  გარემოებზე, რომ  მოწმეთა ჩვენებები იყო ირიბი, ხოლო  ფაქტის უშუალო თვითმხილველის თ.მ–ს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგებოდა მის მიერვე სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. გარდა ამისა, სასამართლოში წარმოდგენილი  მტკიცებულებები ძირითადად ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. 

საბოლოოდ, მოსამართლემ სრულად გაიზიარა საზოგადოებრივი  ადვოკატის პოზიცია და განსასჯელ შ. ა.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.