მიმდინარე წლის იანვარში აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს იურიდიული კონსულტაციისა და საამრთლებრივი დახმარების მისაღებად მიმართა გადახდისუუნარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მ.კ.-მ, რომელიც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმებული იყო 500 ლარის ოდენობით იმ საფუძვლით, რომ ე.წ. „სამართალდამრღვევის“ სახელზე თბილისიდან გამოგზავნილი იყო მეორადი საქონლის 8 ფუთა, ხოლო ზედნადებში ნაჩვენები იყო მხოლოდ 2 ფუთა.
ბენეფიციარის თქმით, მან მეორადების მაღაზიაში, თბილისში პირადი მოხმარებისათვის შეიძინა 20–20 კილოგრამიანი 2 ფუთა, რომლის საფასურიც გადაიხადა კიდეც, ასევე გადაიხადა ტვირთის ტრანსპორტირების თანხაც, ხოლო გამომგზავნის მიერ მის სახელზე გამოგზავნილი სხვა ფუთები მას არ ეკუთვნოდა და არც მათი არსებობის შესახებ იყო მისთვის რაიმე ცნობილი.
აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ აღნიშნულ მოქალაქეს გაუწია იურიდიული კონსულტაცია, ასევე შეუდგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურის სახელზე და მოითხოვა სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და დააკმაყოფილა მოთხოვნა. შესაბამისად გადახდისუუნარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 500 ლარიანი ჯარიმისაგან გათავისუფლდა.