თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ვლადიმერ გამრეკელაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადახდისუუნარო პირის, ა.ძ.-ს ინტერესებს რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდა.
როგორც ბენეფიციარმა განაცხადა, 2015 წელს, მან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მოიპოვა საკუთრების უფლება.
ორი წლის შემდეგ, ერთ-ერთმა კერძო ფირმის დირექტორმა, დ.ჩ -მ მიმართა აღნიშნულ კომისიას და მოითხოვა იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მიწის ნაკვეთი ა.ძ.-ს დაუკანონდა.
2017 წელს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულებით დ. ჩ. -ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ადვოკატ ვლადიმერ გამრეკელაშვილის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის, შედგენილი სარჩელისა და სასამართლო წარმომადგენლობის შედეგად, სასამართლომ ნაწილობრივ ბათილად ცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება და დაავალა მოპასუხეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება აღნიშნული საკითხის ხელახლა გამოკვლევის მიზნით.