Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატ იოსებ ჯამასპიშვილის დახმარებით, ოჯახში ძალადობაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატის, იოსებ ჯამასპიშვილის, ძალისხმევით, ოჯახში ძალადობაში ბრალდებული, პ.ა., სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

პ.ა.–მ, ბრალის წაყენების დროს, თავი სრულად სცნო დამნაშავედ. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისას, ვინაიდან დარღვეული იყო დაკავების წესი, კერძოდ, არ არსებობდა არც სასამართლოს განჩინება დაკავების თაობაზე და არც დაკავების აუცილებლობა, ადვოკატმა იოსებ ჯამასპიშვილმა დააყენა შუამდგომლობა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებიდან განთავისუფლების შესახებ, რაც თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა და ბრალდებული დაკავებიდან გაათავისუფლა; ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა 1000 ლარის ოდენობის გირაო, თუმცა ბრალდების მხარე ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას.

დაცვის მხარემ წინასასამართლო სხდომაზე ყველა მტკიცებულება გახადა სადაო, ვინაიდან ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს – თავის მეუღლეს და სურდა გამართლება. საქმეში იყო მხოლოდ სამი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც დასტურდებოდა პ.ა.–ს დანაშაულებრივი ქმედება. ესენია: დაზარალებულის – ბრალდებულის ცოლის გ.ა.–ს ჩვენება, ასევე მოწმეების – ბრალდებულის შვილების ს.ა.–ს და ი.ა.–ს ჩვენებები. ბრალდებულის ოჯახის წევრებს განემარტათ, რომ უფლება ჰქონდათ არ მიეცათ ჩვენება მეუღლის და მამის წინააღმდეგ. მათ ისარგებლეს ამ უფლებით და სასამართლოზე არსებითი განხილვის დროს უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, ვინაიდან საქმეში პ.ა.–ს წინააღმდეგ არ მოიპოვებოდა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, ადვოკატმა იოსებ ჯამასპიშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა.

საბოლოოდ, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მთლიანად გაიზიარა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის მოთხოვნა და პ.ა. სცნო უდანაშაულოდ.