Top
ონლაინ დახმარება

 

ბრალდებული პირი ორწლიანი ლოდინის შემდეგ გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი გიორგი მდინარაძე 2 წლის განმავლობაში იცავდა ნ.მ-ის ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც მესამე პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 

ბრალდებული მზად იყო საპროცესო შეთანხმების პირობებს დათანხმებოდა. თუმცა, საქმის მასალების გაცნობისას საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ აღმოაჩინა, რომ ბრალის დამადასტურებელი მთავარი შესაძლო მტკიცებულებები მოპოვებული იყო კანონდარღვევით, ხოლო სხვა ობიექტური და პირდაპირი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობდა. ამის შემდეგ, ადვოკატმა ბრალდებული დაარწმუნა, რომ მისი გამართლების ალბათობა დიდი იყო, რჩევა მისცა უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დადებაზე და მოეთხოვა საქმის არსებითი განხილვა, რაზეც ის დათანხმდა.

საქმის არსებითი განხილვის დროს, მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვისას გამოიკვეთა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ბრალის დამადასტურებელი ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება. საბოლოოდ, სასამართლომ სრულად გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ბრალდებული გამართლდა.