თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, თამარ კუპატაძის დახმარებით, სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნის მამად მისი ბიოლოგიური მამა აღიარეს.
არასრულწლოვანის მარტოხელა დედა, სოციალურად დაუცველი მ.რ. 2015 წელს ფიქტიურად დაქორწინდა ინდოეთის მოქალაქეზე. 2018 წელს კი მან საქართველოს მოქალაქესთან, თ.გ-სთან შექმნა ოჯახი და იმავე წელს შეეძინა გოგონა. იმის გამო, რომ ბავშვის დედა კვლავ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ინდოეთის მოქალაქესთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ბავშვის დაბადების მოწმობაში მამად ეს უკანასკნელი მიუთითა.
თბილისის ბიუროს ადვოკატმა, თამარ კუპატაძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ფიქტიურობის გამო აღნიშნული ქორწინების ბათილად ცნობა მოითხოვა. სარჩელით ასევე მოთხოვნილი იყო ბავშვის მამად საქართველოს მოქალაქის, თ.გ-ის დადგენა და დაბადების მოწმობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა, ბიოლოგიური მამა არასრულწლოვანის მამად აღიარა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილაც ცნო ფიქტიური ქორწინება.