იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატების ბესიკ ტალახაძის და მაია ჯულაყიძის დახმარებით, ორი ბრალდებული გამართლდა.
ბესიკ ტალახაძე იცავდა დავით კ.–ს, რომელსაც ბრალი ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობასა და გაუპატირების მცდელობაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული).
კონკრეტულად, დავით კ.-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ 2015 წლის 6 ივლისს, ბაჩუკი თ-სთან ერთად, ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის N8-ში მდებარე ტანსაცმლის მეორად მაღაზიას თავს დაესხა, სხვადასხვა ნივთების ყაჩაღურად გატაცების მიზნით. თავდასხმის დროს, ბრალდების თანახმად, დავით კ-მ სცადა მაღაზიის გამყიდველის ნათია ბ.ს-თან ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირის დამყარება, რაც ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო. დავით კ-მ და ბაჩუკი თ-მ ბრალდების თანახმად გაიტაცეს ნათია ბ-ს საფულე, მასში მოთავსებული ფული და პირადობის მოწმობა, მობილური ტელეფონი, შორტები, მაისური და ბოტასები.
ადვოკატმა ბესიკ ტალახაძემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ საქმეში იყო მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება, რაც არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისთვის. დანარჩენი მტკიცებულებები წარმოადგენდნენ მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს და ვარაუდებს.
დაცვის მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გამოვლინდა დარღვევები. კერძოდ ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევისას გამოვლინდა რომ ე.წ. გატაცებული ნივთები მოთავსებული იყო გახეულ პაკეტში, რის გამოც გაჩნდა ეჭვი მათ გამოცვლასა და ავთენტურობასთან დაკავშირებით. ადვოკატმა ბესიკ ტალახაძემ დასკვნით სიტყვაში მოითხოვა რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ამავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
ასევე დაცვის მხარის მიერ დაფიქსირდა ბრალდებულის სისხლის ნიმუშის თავდაპირველ ლუქთან დაკავშირებული დარღვევები და ადვოკატმა ბესიკ ტალახაძემ მოითხოვა რომ ავთენტურობასთან და წარმომავლობასთან დაკავშირებული ეჭვების გამო, არ მომხდარიყო სიხლის ნიმუშის და მის საფუძველზე ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის გაზიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ადვოკატ ბესიკ ტალახაძის არგუმენტები, დავით კ.-ს მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი და გაათავისუფლა დარბაზიდან.
ამავე საქმეზე, ადვოკატ მაია ჯულაყიძის დახმარებით გამრთლდა მეორე ბრალდებულიც – გიორგი გ., რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა–გასაღებას ედავებოდა.