Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატ ქეთევან თალაკვაძის დახმარებით, ცემასა და მუქარის განხორციელებაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატის, ქეთევან თალაკვაძის, დახმარებით, ზვიად ა., რომელსაც ბრალი ედებოდა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლაში, ცემაში, ასევე – სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

ზვიად ა.–ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო თიანეთის რაიონის სოფელ ხევსურთუბანში მცხოვრები რუსუდან ბ.–ის მიერ სამართდამცველებისადმი მიმართვის საფუძველზე. კერძოდ, რუსუდან ბ. აცხადებდა, რომ ზვიად ა. შემოიჭრა მის სახლში, სცემა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ ვინმეს უამბობდა. ზვიად ა.–ს, რომელიც ნაწილობრივ აღიარებდა წარდგენილ ბრალდებებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას, როგორც გადახდისუუნაროს, დამცველად დაენიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი – ქეთევან თალაკვაძე.

საქმის მასალების შესწავლისა და დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ, ქეთევან თალაკვაძემ თავდაპირველად სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ზვიად ა.–ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, თუმცა, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის მირების შემდეგ, მუშაობა განაგრძო ზვიად ა.–ს გამართლების მიმართულებით.

დაცვის მხარის ძირითადი არგუმენტს წარმოადგენდა საქმეში უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა. ბრალდების მხარე ეყრდნობოდა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას – რუსუდან ბ.–ის ჩვენებებს, რომლებიც ერთანეთთან წინააღმდეგობრივი იყო. ეჭვს იწვევდა დაზარალებულის ადეკვატურობაც, რადგან მან, ჩვენების მიცემისას, ვერ გაიხსენა საკუთარი დაბადების თარიღი. გარდა ამისა, ჩატარებულმა ექსპერტიზამ რუსუდან ბ.–ის სხეულზე მექანიკური დაზიანების ვერანაირი კვალი ვერ გამოავლინა.

ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, ადვოკატმა ქეთევან თალაკვაძემ ბრალდებულის გამართლება მოითხოვა. საბოლოოდ, სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია, ზვიად ა. უდანაშაულოდ ცნო და სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლა.