სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ წარმატებით დაასრულა აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების სამართლებრივი საკითხების მოგვარება, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.
2018 წლის თებერვალში ზუგდიდის ბიუროს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართეს ზუგდიდის სტამბის შენობაში მცხოვრებმა, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრებმა, აფხაზეთიდან დევნილებმა მ.კ–მ და ლ.ა–მ.
აღნიშნული ოჯახებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილების შემდეგ მძიმე სოციალურ–ეკონომიურ პირობებში უწევთ ცხოვრება. ფართი, სადაც დღეს იმყოფებიან, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეფასდა, როგორც „სიცოცხლისათვის საშიში და საცხოვრებლად უვარგისი“. ამიტომ მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია მათი დროული გაყვანა. თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის ოქმისა და შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მხოლოდ სტამბაში მცხოვრები 10 ოჯახის მოთხოვნა. ამ ათეულში არ აღმოჩნდნენ მ.კ–ს და ლ.ა.ს – ოჯახები.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ შეადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის და შესაბამისი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საჩივარში არგუმენტირებულად იყო მითითებული იმ გარემოებაზე, რომ კომისიამ დაარღვია კანონის მოთხოვნები და მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რითაც ბენეფიციარებს სრულიად უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 8 თებერვალს განიხილა აღნიშნული და დააკმაყოფილა მოთხოვნა: სამინისტრო მ.კ–ს და ლ.ა.–ს ოჯახს კრიტერიუმების გარეშე უზრუნველყოფს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით – ქ. ზუგდიდში მდებარე ორ და სამ ოთხაიანი ბინებით.